ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, 2025 წლის რთველისას სახელმწიფო ხარისხიან და დაბალხარისხიან ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, მეხუზლას თქმით, სახელმწიფო წელსაც ჩაიბარებს ფერმერისგან ჭარბ ყურძენს, თუმცა, შესყიდვის დროს ფასი დიფერენცირებული იქნება.
„ქართული ღვინის წარდგენა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ვენახიდან, იწყება; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს მაღალი ხარისხის. მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის, რთველის პერიოდში, სახელმწიფოს უწევს ჭარბი ყურძნის შესყიდვა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ფერმერისგან კვლავ ჩაიბარებს ჭარბ ყურძენს, თუმცა, შესყიდვის დროს ფასი გვექნება დიფერენცირებული – მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე ფასში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება. ყურძნის ხარისხში, შაქრიანობასთან ერთად, იგულისხმება ყურძენი სიჯანსაღე, რაც დაავადებების არარსებობას ნიშნავს“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ჯერ დამუშავების საგანია მეთოდები, რომლითაც ყურძნის შეფასება მოხდება. ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსავალი იყოს ხარისხიანი და, შესაბამისად, ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის – 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.