კუნძულ ტექსელზე 1945 წლის აჯანყებაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა

Published:

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს აჯანყებისას გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონია სიმბოლურად 9 აპრილს ჩატარდა და მასში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული დელეგაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მონუმენტის შექმნის იდეის ავტორი და დამფინანსებელი ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და კულტურის მოღვაწე, თინათინ სვანიძე-ვენკოა. სწორედ მისი ინიციატივით, დაუღალავი შრომით, ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით შედგა ეს დღეც. მონუმენტის დიზაინის ავტორი კი მოქანდაკე დევი ხმალაძეა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლისა და ორგანიზაცია “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტის, თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ქართველ ჯარისკაცთა საძმოს სასაფლაოზე ჯერ კიდევ 2023 წელს დაიდგა მემორიალური დაფა, რომელმაც 513 გმირი მეომრის სახელი სამუდამოდ უკვდავყო. ასევე, ჩატარდა ქართული კულტურის მასშტაბური დღეები, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ნიდერლანდურ საზოგადოებასა და მედიაში.

2025 წლის 9 აპრილს კი, კვლავ თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ტექსელის მერიის, თავდაცვის სამინისტროსა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველ მეომართა საძმოს სასაფლაოზე გაიხსნა ქართული სიმბოლიკით დამშვენებული მონუმენტი, სახელწოდებით “სამოთხის კარიბჭე”. მონუმენტზე დატანილია სიტყვები საქართველოს ჰიმნის ტექსტიდან – “დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!”. მასზე ასევე გამოსახულია ცისკენ მფრინავი ჩიტები, რომლებიც სიმბოლიზირებს გმირი ქართველი მებრძოლების სულებს.

ახალმა მონუმენტმა სიმბოლურად გადაფარა ძველი, საბჭოური ატრიბუტიკა და ის ჩანაცვლდა სრულად ქართული სიმბოლიკით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 80 წლის წინ ტექსელზე ჩადენილი გმირობის ისტორიული ფაქტი მთლიანად დაუკავშირდა საკუთრივ ქართველებს და საქართველოს.

2025 წელს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს – ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სრულდება ზუსტად 80 წელი; მეორე მხრივ კი, აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის 10 წლის იუბილეს.

ღონისძიება ცალსახად წარმოადგენდა ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და საერთო კულტურულ-ისტორიული წარსულის ნათელ გამოხატულებას. პროექტის მიზანიც სწორედ ამ კავშირებისა და მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერება იყო.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს თინათინ სვანიძე-ვენკომ, ნიდერლანდების სამეფოს ყოფილმა ელჩმა საქართველოში – იოს დუმამ, ტექსელის აჯანყებისას გმირულად დაღუპული შალვა ლოლაძის შვილიშვილმა – მათიას დე ხროუტმა, აფხაზეთიდან დევნილმა პოლიტიკოსმა – ადა მარშანიამ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა – ნიკოლოზ წულუკიძემ. გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები – ზვიად შალამბერიძე და გენრიეტა წიწავა; საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან გულაღაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრისა და ფონდ “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლები, ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ მეომართა შთამომავლები, ადგილობრივი მოსახლეობა, საერთაშორისო დელეგაციების, ორგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების, კუნძულ ტექსელის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საერთაშორისო მედია საშუალებების წარმომადგენლები. ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძემ).

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img