17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მოქმედი მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე ჰქონდა, პირობები უმკაცრდებათ. კერძოდ კი თუ აქამდე საჭირო იყო მხოლოდ მოქმედი დოკუმენტი, ახალი დადგენილების თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წლისა.
დადგენილების თანახმად განისაზღვრა 17 ასეთი ქვეყანა, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეეძლებათ.
ეს ქვეყნებია
- ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
- ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
- განის რესპუბლიკა
- ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
- ერიტრეას სახელმწიფო
- იემენის რესპუბლიკა
- კამერუნის რესპუბლიკა
- კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- მაროკოს სამეფო
- ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
- პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
- სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
- სირიის არაბთა რესპუბლიკა
- სუდანის რესპუბლიკა
- ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
- უგანდის რესპუბლიკა.
“იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით” – აღნიშნულია დადგენილებაში.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.
ამასთან 2015 წლის #256 დადგენილებით განსაზღვრულია 50 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა ვიზების და ბინადრობისნებართვების მქონე უცხოელებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, შესაბამისი ვადითა და პირობებით.