მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ოთხი ქართველი იბრძოლებს.
81 კგ-ში ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ შეხვედრაში პოლონელ დრიზმალსა და უკრაინელ კოლობოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
90 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი იქნება – ლუკა მაისურაძის პირველი მეტოქე მოლდოველი მიხაილ ლატისევი იქნება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი ფინელ არტურ კანევეცს დაუპირისპირდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მაისურაძე და ჯაბნიაშვილი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
ქალთა შორის 70 კგ-ში მარიამ ჭანტურია პირველ ორთაბრძოლას პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან გამართავს.
შეჯიბრების განრიგი:
25 აპრილი
კაცები – 81, 90 კგ
ქალები – 70 კგ
26 აპრილი
კაცები – 100, +100 კგ
ქალები – 78, +78 კგ
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.