ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ უკრაინაში ომის დასასრულებლად ლონდონში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი ახალი ხუთპუნქტიანი გეგმის დეტალებს ასაჯაროებს.
როგორც გამოცემა ამ დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთს ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის მოპოვების საშუალება არ მისცეს.
„ტელეგრაფის“ ცნობით, გეგმის პირველი და მეორე პუნქტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება „დაფუძნებული იყოს საერთაშორისო სამართალზე და არა კაპიტულაციაზე“. მასში მოყვანილია კონკრეტული დებულებები ჩინეთის მიერ ტაივანში შესაძლო შეჭრაზე. ასევე, ხაზს უსვამს მკაფიო „უსაფრთხოების გარანტიების“ მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა რუსეთს ტერიტორიებს დროებით დაუთმობს.
როგორც „გამოცემა“ წერს, მესამე პუნქტი არის მცდელობა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩამოართვან მოლაპარაკებებზე კონტროლი და უკრაინა სამშვიდობო პროცესის ცენტრში დააბრუნონ.
მეოთხე პუნქტი გაფრთხილებაა როგორც აშშ-ისთვის, ასევე ნატო-სთვის, რომ რუსეთისთვის ყირიმზე კონტროლის მიცემა შესაძლებლობას აძლევს მას შესაძლებლობას, საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოკავშირეებს შავ ზღვაში – თურქეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს.
ბოლო, მეხუთე პუნქტი მკაფიოდ მიუთითებს, რომ არ შეიძლება, რუსეთს საშუალება მისცენ, შეთანხმება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოდენობის ან თავდაცვითი მრეწველობის შესაზღუდად გამოიყენოს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის დროს აშშ-მა წარმოადგინა თავისი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ზელენსკი აღნიშნა, ამერიკული წინადადების შემდეგ „გაჩნდა ახალი დოკუმენტი“, რომელიც ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავდა.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ კვირას, პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინას სამშვიდობო გეგმის მისეული ვერსია გადასცა, რომელშიც აშშ მზაობას გამოთქვამს, ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს და შეამციროს სანქციების რუსეთის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით, უკრაინა არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.