ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს

Published:

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების შედეგების მიუხედავად, ისრაელი თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

კვირას, 28 აპრილს, იერუსალიმში, გვიან ღამით საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება უნდა ზღუდავდეს არა მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, არამედ ბალისტიკური რაკეტების შემუშავებასაც.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ერთადერთი „კარგი შეთანხმება“ არის ის, რომელიც „მთლიან ინფრასტრუქტურას“ მოხსნის, ლიბიასა და დასავლეთს შორის 2003 წელს დადებული შეთანხმების მსგავსად, რომლის მიხედვითაც ლიბიამ უარი თქვა ბირთვულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და სარაკეტო პროგრამებზე.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა, ნებისმიერი საშუალებით ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მიღებაში.

Reuters-ის ცნობით, ისრაელმა არ გამორიცხა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა მომდევნო თვეებში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ სურს ასეთი ქმედების მხარდაჭერა.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ შეერთებულ შტატებთან. მაგრამ მე ვთქვი: ასე თუ ისე, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, გამოცემას განუცხადა, რომ თეირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მთავარ დაბრკოლებად რჩება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ომანის შუამავლობით ორგანიზებული სამი რაუნდი უკვე გამართეს , რომელიც მიმართული იყო შეთანხმების მიღწევისკენ, რომელიც ხელს შეუშლის თეირანს ბირთვული იარაღის მიღებაში დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ და ამავდროულად შეინარჩუნებს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარების შესაძლებლობას,“ – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img