გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების განცხადებით, ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ.
როგორც სავაჭრო ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.