ინდოეთმა პაკისტანიდან ყველა რეისისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა

Published:

ინდოეთმა პაკისტანიდან ყველა რეისისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. შეზღუდვები 30 აპრილიდან 23 მაისამდე იმოქმედებს. ეს ზომა დელის საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 26 ტურისტი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, დაიღუპა.

მომხდარის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანი ქაშმირის სადავო რეგიონში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა დელიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შორის პაკისტანის 2 მოქალაქე იყო. ისლამაბადი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ფრენების დროებითი აკრძალვა ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გადადგმული ნაბიჯია.

მანამდე ინდოეთმა პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. შედეგად, ინდოეთი თითქმის 800 პაკისტანელმა მოქალაქემ დატოვა, ხოლო ვიზების შეთანხმებების გაუქმების შემდეგ 1 500 ინდოელი დაბრუნდა სახლში. საპასუხოდ, ისლამაბადმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.

გუშინ, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს.

შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის თითქმის 80 წელია გრძელდება. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავაა. კონფლიქტის პერიოდში იყო სამი ომი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img