„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე  პირს პატიმრობა შეეფარდა

Published:

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულის, ივანე გიგლემიანის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ინფორმაციისთვის, პროკურატურის ცნობით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img