„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ – ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თამარ ლიჩელმა (პიანისტი), ვალერიან შიუკაშვილმა (პიანისტი), დავით ალადაშვილმა (პიანისტი), ნატალია ქუთათელაძემ (მეცო სოპრანო), გიგი პიანომენმა (პიანისტი), ლიზი რამიშვილმა (ჩელისტი), ვიქტორია ჩაპლინსკაიამ (პიანისტი), გიორგი შავერზაშვილმა (პიანისტი და კომპოზიტორი), ნათია ქავთარაძემ ( პიანისტი), გიორგი ხაინდრავამ (მევიოლინე), ნოდარ მდივანმა (კლარნეტისტი), ქეთევან თავშავაძემ (მევიოლინე), გივი გიგინეიშვილმა (ბანი), მარიკა მაჩიტიძემ (სოპრანო), ასაფ კლაინმანმა (პიანისტი). საღამოზე შესრულდა ა. მაჭავარიანის, დ. არაყიშვილის, ი. გეჯაძის, ი. ბარდანაშვილის, თ.ვაშაკიძის, რ. ლაღიძის, გ. პიანომენის, ს. ნასიძის, ვ. აზარაშვილის, გ. შავერზაშვილი ნაწარმოებები.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.
„საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. შესრულდება ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ფ. ღლონტის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
23 მაისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” რიგით მეორე კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი – პიანისტი, თემურაზ გუგუშვილი (ტენორი), დავით ალადაშვილი (პიანისტი), სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სიმფონიეტა”. პროგრამაშია ვ.აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ასრულებს ლიზი რამიშვილი, გ.ყანჩელი – “პატარა დანელიადა”, ასრულებს დავით ალადაშვილი, ნ.ჯანჯღავა – “ზღვარი” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (პირველი შესრულება), ასრულებს თამარ ლიჩელი, ვ.აზარაშვილის, დ.არაყიშვილის, ა.ბალანჩივაძის რომანსები (საორკესტრო ვერსიების ავტორი ა.გიორგობიანი) ასრულებს თემურ გუგუშვილი. ანალოგიური პროგრამით საღამოები 24 მაისს ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე რიგით მესამე კონცერტი გაიმართება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:
– გილოცავთ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების სერიის გახსნას. აქვე გეტყვით, რომ თბილისის მერია მხარში უდგას ქართული კულტურის ხელშეწყობას და ის ადამიანები, რომლებიც ამ დიდებულ საქმეს ემსახურებიან და რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი ქართული მუსიკალური კულტურა გაამდიდრა და მსოფლიოს გააცნო, ნამდვილად დასაფასებლები არიან. გვახარებს ის ფაქტი, რომ საყოველთაოდ აღიარებულ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, ამ დიდებულ საქმეში ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედებიც აქტიურად არიან ჩართულნი, რაც ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგიის უწყვეტობის უტყუარი ნიშანი და მარადიული დასტურია.
წარმატებას ვუსურვებ ამ უდავოდ კარგი წამოწყების ორგანიზატორებს, რომლებიც ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ჩატარებას თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმსა და სენაკში აპირებენ, წლის ბოლოს კი, კვლავ თბილისში, ამ დარბაზში შეგვკრებენ და ქართულ კლასიკურ მუსიკას ერთ მშვენიერ ბუკეტად შეკრულს წარმოგვიდგენენ.
თამარ ლიჩელი, პიანისტი:
– ჩემი აზრით, ეს პროექტი – “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” – ატარებს ისეთ მნიშვნელობას, რაც უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებას, რაც საბედნიეროდ, ბოლო დროს ხშირად სრულდება. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ასრულებს, მაგრამ მგონია, რომ ასეთ თავმოყრას ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა და თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედებისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო რომ ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.
15 მაისის გახსნითი კონცერტი გახლდათ სწორედ საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანების პირველი წარმოჩენა წელს და ამიტომაც გაიხსნა ასეთი საზეიმო გალაკონცერტით, რომელიც მეტწილად მოიცავდა ყველასთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ქართულ ნაწარმოებებს, თუმცა შედგა ერთი პრემიერა გიორგი შავერზაშვილის საფორტეპიანო პიესისა, რომელიც მან თავად შეასრულა.
23 მაისს ვგეგმავთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრემიერას – ეს გახლავთ ნინო ჯანჯღავას საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც მე შევასრულებ. ჩემთან ეთრად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები ლიზა რამიშვილი, დავით ალადაშვილი, ბატონი თემურ გუგუშვილი და სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი მხარდამჭერების დამსახურებით და ეს გახლავთ – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, კომპოზიტორთა კავშირი, ეროვნული ბიბლიოთეკა – შესაძლებელი გახდა ამ პროექტის უფრო მასშტაბურად ჩატარება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარდა თბილისისა, კონცერტები მასტერკლასები და შეხვედრები ახალგაზრდა თაობასთან შედგება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც: 24 მაისს ჩვენ ჩავატარებთ კონცერტს თელავში, შემდეგ გავემგზავრებით სენაკში ბატონი ვალერიან შიუკაშვილის მოწვევით მის არაჩვეულებრივ ფესტივალზე, ვეწვევით ბათუმს გიგი პიანომენის კონცერტით, რომელსაც იქაური მსმენელი ძალიან ელოდება, ოქტომბერში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში ჩატარდება დიდი საზეიმო გალაკონცერტი, ისეთივე როგორც ჩატარდა 15 მაისს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ნოემბერში ვეწვევით ქუთაისს მაქსიმალურად დიდი შემადგენლობით და ჟანრულად მრავალფეროვანი რეპერტუარით, იმიტომ რომ ქუთაისის მუსიკალური ტრადიციები მოგეხსენებათ ძალიან მდიდარია და იქ არიან არაჩვეულებრივი ბავშვები ყველა მიმართულებით კლასიკური მუსიკისა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებთან ჟანრული მრავალფეროვნებით დატვირთული შეხვედრების მოწყობა. კონცერტების სერია დაიხურება თბილისში დეკემბერში ჩემი და დავით ალადაშვილის კონცერტით ქართული საფორტეპიანო მუსიკა 4 ხელში.