ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედიაპლატფორმებსა და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მარკეტინგული კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნესთანამშრომლობის დამყარებას.
„ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებს, ე.წ. როუდშოუებსა და სხვა მსხვილ ღონისძიებებში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს.
კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ქვეყნის ოთხ ქალაქში საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ ინტერვიუბი, სატელევიზიო სიუჟეტები, რადიოგადაცემები, გარე რეკლამები, ასევე, ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.
ე.წ. როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი. კამპანია მოიცავს გაცნობით და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.
კამპანიის ფარგლებში ყოველთვიურად შედგება კომუნიკაცია 20-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართება ვორქშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებსა და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.
ურთიერთობები დამყარდება როგორც ინდივიდუალურ ტურისტებთან, ასევე მსხვილ საერთაშორისო ტუროპერატორებთან საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად და ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდება ვიდეორგოლები, სატელევიზიო სიუჟეტები, სტატიები, ინტერვიუები.
ახალი კამპანიის ფარგლებში, British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეორგოლებისა და ფოტოკოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30-წამიანი ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე.
ამ კამპანიების პარალელურად, საქართველოს შესახებ National Geographic-ი ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებს. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი კი ქართული გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგ ვიდეორგოლებს მოამზადებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.