უკრაინაში ომის დასრულების პროცესში აშშ-ის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხს განვიხილავთ. ასევე, იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ უკრაინას ყველაფერი ჰქონდეს, რათა ეს ომი მდგრად დასასრულამდე მივიდეს, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო შეთანხმება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართული სატელეფონო საუბარი პოზიტიური ნიშანია.
„კარგი ნიშანია, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე, პოზიტიური ნიშანია, რომ დონალდ ტრამპმა მაშინვე დაურეკა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ლიდერის როლი აიღო და ამას ვაფასებ. აშშ-ის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული და ევროპელ კოლეგებთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ შედეგებს სწრაფად მივაღწიოთ, მაგრამ ეს რთული კონფლიქტია და რასაც ამერიკელები აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, რა მოხდება მიმდინარე და მომავალ კვირაში“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.