დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე მაიკ ჯონსონი, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების კანონპროექტს მხარს უჭერს

Published:

აშშ-ის კონგრესში სულ უფრო იზრდება მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების შემოღების მიმართ.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელმაც წელიწადნახევრის წინ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფა დაბლოკა, სანქციების დაწესების მხარდაჭერა გამოთქვა.

მედიის ცნობით, მან დადებითად შეაფასა სენატორების, ლინდსი გრემის და რიჩარდ ბლუმენტალის მიერ სენატში, კონგრესის ზედა პალატაში, წარდგენილი კანონპროექტი.

კანონპროექტი 500%-იან ტარიფს მოიცავს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.

მანამდე აღნიშნულ კანონპროექტს სენატის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ახლა კი ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმაც დადებითად ისაუბრა კანონპროექტზე.

ეს მიუთითებს კანონპროექტის წარმატებით მიღების მაღალ ალბათობაზე კონგრესის ორივე პალატაში.

„კონგრესის ბევრი წევრია, ვისაც სურს, რომ რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები დავუწესოთ. და მეც ამის მომხრე ვარ“, – განუცხადა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე , რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წყვეტს, რომელი კანონპროექტების წარდგენა შეიძლება კენჭისყრაზე და რომელის – არა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img