საქართველო ევროპის ჩემპიონატს იწყებს – საზონოვის მნიშვნელობა დიდია!..

Published:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს. პირველ ტურში ჯგუფის აუტსაიდერებად მიჩნეული გუნდების დაპირისპირებაა, რამაზ სვანაძის გუნდი პოლონელ თანატოლებს დაუპირისპირდება – ოთხშაბათს, 11 ივნისს, 23:00 საათზე.

ქართველი ახალგაზრდები ჯგუფის ფავორიტები არც ორი წლის წინ, პორტუგალიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან საშინაო კედელებში ყოფილან, თუმცა პლეი-ოფში გავიდნენ. მაშინ ისინი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებით გაძლიერდნენ. “უმცროსმა ჯვაროსნებმა” ამჯერად შესარჩევი ეტაპი დაძლია.

შეგახსენებთ, ამავე ჯგუფში საფრანგეთისა და პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც თამაშობენ.

პოლონეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში 22 ქულა დააგროვა, მაგრამ გერმანიას ვერ აჯობა და ტურნირზე საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით მოხვდა. მწვრთნელი ადამ მაჯევსკი იმედიანადაა, რომ ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ წარუმატებლობას ისინი გამოასწორებენ. შესარჩევ ეტაპზე მათ არაერთ გუნდს აჯობეს, მათ შორის ისრაელს, წინა ჩემპიონატზე ქართველებს რომ პენალტებში მოუგეს.

ეს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ, ოთხივეჯერ პოლონელებმა მოიგეს და 14 გოლი გაიტანეს (2008 წელს 5:0) და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ახლა ქართველებს სულ სხვანაირი ახალგარზდული გუნდი ჰყავს, პლეი-ოფში ხომ ხორვატიას აჯობეს და დიდი დაპირისპირება გველის.

რამაზ სვანაძის გუნდი დაცვაში კარგი თამაშითა და ეფექტურობით გამოირჩევა, შესარჩევში 14 გოლი (პირველადგილოსან ნიდერლანდებს 32 შედეგიანი დარტმა ჰქონდა)  გაიტანა და 19 ქულა მოიპოვა. სამწუხარო ისაა, რომ გუნდს ახლა დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს, ბოლო მომენტში საბა გოგლიჩიძეც გამოაკლდათ. მნიშვნელოვანია, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ, საბა საზონოვმა ოპტიმალური ფორმა მაქსიმალურად სწრაფად დაიბრუნოს.

პოლონეთის ნაკრები კონკურენტუნატიანია. მეკარე კასპერ ტობიაში “ლეგიასთან”, სლავომირ აბრამოვიჩი კი “იაგელონიასთან” ერთად კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. გუნდში ყველაზე ცნობილი  “გაზიანთეფის” ნახევარმცველი კასპერ კოზლოვსკია, ვინც 17 წლის ასაკში “ბრაიტონში” თამაშობდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ მარჯვენა მცველს, არკადიუშ პირკას, მომავალი სეზონიდან “სანკტ-პაულში” რომ ითამაშებს. 

ერთ-ერთი, ვისაც საერთაშორისო ყურადღება არ მოაკლდება, “უმცროსი ჯვაროსნების” კაპიტანი ირაკლი აზაროვია. დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატიდან დააკვირდებიან. სელექციონერთა ყურადღება საკმაოდ დიდი იქნება და ქართველ ახალგაზრდებს კარიერის უკეთესი გაგრძელებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ!..

საქართველო U21 სავარაუდო შემადგენლობა: ხარატიშვილი – მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი – ო.მამაგეიშვილი, გაგნიძე, ლომინაძე – ოდიშარია, კვერნაძე, აბუაშვილი.

შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

ევრო 2025 | მატჩების განრიგი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img