თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს

Published:

“ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ნინო კაკულია ავრცელებს.

“ბოლოს თემური შაბათს ვნახე, უკვე მორალურად ემზადებოდა იმისთვის, რომ გააძევებდნენ. ორშაბათს დამირეკა და მთხოვა, რომ რამდენიმე საბუთი, იმ შემთხვევაში, რომ სარფთან მიმეტანა, თუ მას გაიყვანდნენ. გუშინ იწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა და ამ უფლებით ვერ ისარგებლებდა, რადგანაც მას ვალიდური დოკუმენტი არ გააჩნია – თურქულმა მხარემ მას 2020 წელს პასპორტი გაუუქმა. ვერ მოხერხდა ერთჯერადი დოკუმენტის დამზადებაც.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაეგზავნა ადვოკატების მხრიდან განცხადება, მაგრამ, როგორც ხედავთ, გუშინ ღამე თურქეთში, არდაღანში გადაიყვანეს. არა სარფის საზღვართან, რადგან შეიტყვეს, რომ იქ რაღაც სახის აქცია იგეგმებოდა.

დილით შემატყობინა თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა, რომელთანაც მე მუდმივ კავშირში ვარ. მას, თემურის თხოვნით დაუკავშირდნენ პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ ის თურქეთის ტერიტორიაზეა. დღეს აპირებდნენ ადვოკატები მასთან შესვლას, თუმცა ღამე მოუსწრიათ გაყვანა.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თემური ხშირად საუბრობდა მიგრაციის ცენტრის მუშაკებიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. გასულ პარასკევს მან სიმბოლური შიმშილობაც გამოაცხადა ამის გასაპროტესტებლად.

ბევრ ეჭვს ბადებს მისი ასეთი გაყვანა – ჩემთვის გაუგებარიც არის.

არის ქალაქ არდაღანში, გადაყვანილი იქნება ქალაქ ბორდუში, სადაც მის წინააღმდეგ აბსურდული საქმეა დაწყებული.”, – აცხადებს კაკულია.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img