„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმურ რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,6 მილიონ ლარია.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება.
მათივე ცნობით, ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე 9 კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას.
„ჟინვალის ჰიდროკომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ჟინვალისა და ბოდორნას წყალსაცავებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების საერთო ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, ხოლო ბოდორნას სარეზერვო არხზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის საშუალებით ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით, შესაბამისად მათი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებას. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა „ჯივიპის“ წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ვიქტორ სოლისი.
კომპანიის ცნობით, „ჯივიპიმ“ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები, რაც აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმტკიცესა და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.