ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ დაიწყო ღია ბრძოლა „საფარის“ და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ისინი შეეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას, – აღნიშნულის შესახებ კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს.
ბაია პატარაიას განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნის და დაპატიმრების შემთხვევაში, მაინც გააგრძელებენ მუშაობას.
„მოგეხსენებათ, „საფარი“ არის ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია. ჩვენ 20 წელია ვმუშაობთ და უამრავი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი გვყოლია. ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებითა და ამბებით. ჩვენ გვაქვს არაერთი საქმე პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა დანაშაულის. ხშირად ისინი როდესაც მოგვმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან სახელმწიფო უწყების მიმართ ნდობა არა აქვთ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენს სერვისებს იყენებენ. შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიებიც ჩვენთან ინახება. მინდა მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომლებსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება და მხარდაჭერა, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს ისტორიებს, მონაცემებს და ამბებს ბოლომდე დავიცავთ, ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს. მინდა იცოდეთ, რომ „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია. ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ დაიწყო ღია ბრძოლა „საფარის“ და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ისინი შეეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას. ამიტომ, მინდა ქალებს ვუთხრა – მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს ჩვენი დევნა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოვძებნით სხვა ზომებს. ჩვენ არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან “საფარი”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “მომავლის აკადემია”, ” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.