დღეს, 17 მაისს პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ თქვამმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს. კობახიძის აზრით, გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაასუსტებს.
„რაც შეეხება შეწყალებას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. მე აქ ვერ შევალ დეტალებში. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც შეწყალება ჰქვია, გამოდის, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს არ იცავს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშლება ინსტიტუტები.“ – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე დღესვე გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე, ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესზე. კობახიძის თქმით, “სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.”