დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკამ – მის გუშინდელ მოწოდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა მათი „მანიაკალური სახე“.
„ჩვენ ჰუმანური მეთოდებით ვმოქმედებთ. როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, მას მოვუწოდებთ დაემორჩილოს სამართალდამცავების სამართლიან მოთხოვნას და ჩაბარდეს, იმიტომ, რომ ამით მას შეუძლია შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არ მოიწონეს და სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვიტყვი იმას, რომ მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დამნაშავეებისთვის არ ენანება ტყვია. როდესაც ძებნის ღონისძიებების დროს ვერტმფრენიდან ხოცავდნენ ოჯახებს. მინისტრები ითხოვდნენ „ორ გვამს“. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით.
„გუშინაც ვთქვი, რომ არ იყო საზოგადოებისთვის არავითარი საფრთხე და მგონი ყველა დარწმუნდა ამ სიტყვების მართებულობაში, იმიტომ, რომ დაკავების დროს არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. სახელმწიფოსა და სამართლის წინაშე, ყველამ აგო შესაბამისი პასუხი.
ამავდროულად, ეს არასრული 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.