გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე ფართოვდება – დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დღესვე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდადებულის ძმის – ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
“სწორედ ეს არის სადაო საკითხი, რომ ჩემმა კლიენტმა იცოდა, თუ არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე, ეს გასარკვევია. [თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში არ იმალებოდა მისი ძმა და კიდევ ერთი პატიმარი?] არა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მოგცემთ დანარჩენ კომენტარს”, – თქვა თათარაშვილის ადვოკატმა.
“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.