გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მათიას ლიუთენბერგი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.
„რუსი სამხედროების მიერ სოფელ კირბალში ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაციამ შემძრა და შემაშფოთა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. გერმანია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთის ჯარები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი საქართვლოს ტერიტორიაზე,“ – წერს ლიუთენბერგი X-ზე.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ.”
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“- ამის შესახებ განცხადებები პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გაავრცელეს.