პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის და საბიუჯეტო ოფისის დადებითი დასკვნის მქონე კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსების ზრდა ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროპორციულად აღარ მოხდება.
ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესი და შემოთავაზებულია, რომ მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაუწყებელი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპით. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.
,,წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის ცვლილება და დახვეწა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით – „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება თითქმის 15 წელია. აღსანიშნავია, რომ ამ წესით დაფინანსება არის დროებითი და არ წარმოადგენს ძირითად ნორმას. გასათვალისწინებელია, რომ არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ასე მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით” – წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან, გარდა მე-2 მუხლისა, ვინაიდან ახალი საბიუჯეტო წლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განხორციელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა, ხოლო მე-2 მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების ასახვა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ბიუჯეტის მეორე მოსმენის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უპრეცედენტო თანხა 110 მლნ აღარ გამოიყოს.
არსებული წესი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროგნოზო დაფინანსდება 2024 წელს 110.3 მლნ უნდა ყოფილიყო, 2025 წელს 119.5 მლნ, 2026 წელს 129.2 მლნ ლარი, 2027 წელს კი – 129.8 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებას ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ალექსანდრე რაქვიაშვილი სხვადასხვა კანონის პროექტებით ითხოვდნენ. საბოლოოდ კი, ცვლილება ქართულმა ოცნებამ დააინიციირა და თანაავტორებს შორის არის ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომან გოცირიძის ხელმოწერა კი, პროექტს რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, თან არ ახლავს.
კანონპროექტის თანაავტორები: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი, ბექა ლილუაშვილი.
bpn.ge