GWP: „წყალმომარაგების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია, მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც“

Published:

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (ჯივიპი) ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების სიღრმისეული აუდიტი დაასრულა.

კვლევამ აჩვენა, რომ დღეს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს როგორც მყისიერ რეაგირებას, ასევე  განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებასა და მასშტაბურ ინვესტიციას. ამის შესახებ ჯივიპის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა ქსელზე დაზიანებების გამომწვევი მთავარი პრობლემები და კრიტიკული მონაკვეთები.

ჯივიპის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის სირთულე უპირველესად განპირობებულია წყალმომარაგების სისტემის ხანდაზმულობითა და მასშტაბურობით. აუდიტის შედეგებმა აჩვენა, რომ

· ხანდაზმულია წყალმომარაგებისა და წყალარინების  ქსელების 62% და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85%.

· 2022 წელს წყალმომარაგების ქსელზე აღრიცხულია 18 000-ზე მეტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 17 000-ზე მეტი ავარიული დაზიანება.

· თბილისში, წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კმ-ზე 415 ავარია ფიქსირდება, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატება (ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კმ-ზე 50-ია).

· მნიშვნელოვანი ხარვეზებია საოპერაციო მიმართულებითაც, რაც გულისხმობს: ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას.

აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ  წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას. გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების  ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება  წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.

ამ  ეტაპისთვის, კომპანიაში უკვე არსებობს  კონკრეტული  მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე – საოპერაციო მიმართულებებით.

“ჯივიპი მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოსახლეობას სისტემატურად ჩააბარებს ანგარიშს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში მიმდინარე პროცესები იყოს გამჭვირვალე და  ჩვენი მომხმარებლები იყვნენ მუდმივად ინფორმირებულნი ყველა იმ სიახლის შესახებ, რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემის განვითარებასა და უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებასთან,” – ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

დღეისათვის, მხოლოდ თბილისში, კომპანია მართავს 4000 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 1500 კმ წყალარინების ქსელებს, 5 სათავე ნაგებობას, 3 ლაბორატორიას, 350 მ3 მოცულობის 113 სამარაგო რეზერვუარს, 64 სატუმბო და 156  წნევის გამაძლიერებელ სადგურს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img