“რუსეთი ცდილობს ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: – კმარა!” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა Radio France info-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პრეზიდენტმა მიმოიხილა ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია და შეაფასა ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მისი შეფასებით, სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო ევროკომისიამ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკომისიისგან “სანახევრო” პასუხი იქნებოდა “კატასტროფული” მოსახლეობისთვის, რაც გაახარებდა რუსეთს.
ეს არის უფრო რეკომენდაციები, ვიდრე პირობები და წარსულში ვნახეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ყველა ეს რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ არც ისე მკაცრია. ცხადია, რომ დღეს ევროკომისია, უდავოდ სტრატეგიული გარემოებებიდან გამომდინარე, (უკრაინა, შუა აღმოსავლეთი და მსოფლიოში მისი როლიდან გამომდინარე) უფრო ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებას და ცხადია, რომ დღეს “სანახევრო“ პასუხი იქნებოდა კატასტროფული ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა (იმისთვის, ვინც მას არ იმსახურებს) რუსეთისთვის,” – ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთი ახლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებით ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს აჩვენებს, რომ ის კვლავ აგრესიულია.
არ ვიცი ეს გავლენების ბრძოლაა თუ არა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომით უკვე ძალიან ბევრი დაკარგა და განაგრძობს დანაკარგს. უპირველეს ყოვლისა, მისი სახე, ასევე, სამხედრო და სტრატეგიული გაგებითაც და ის კომპენსაციის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ის არ არის მზად კავკასიაში საკუთარი სახის სრულად დასაკარგად. სომხეთი გადის იმ გზას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოსას წინა წლებში. რუსეთი ცდილობს შეძლებისდაგვარად სარგებელი ნახოს, ცდილობს ანახოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ ისევ აგრესიულია; აჩვენებს, რომ სურს სამხედრო ბაზების, პორტის, აეროპორტის შექმნა და ეს მომენტი კარგია იმისათვის, რომ ევროკავშირმა თქვას: – კმარა!- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, ევროკომისიის გადაწყვეტილებამ რუსეთს “მწვანე შუქი” არ მისცა, რადგან 2008 წელს ბუქარესტში, ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ოკუპანტ ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ “მწვანე შუქი” ჰქონდა საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით.
პირიქით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ დასკვნებზე ფიქრი მიმდინარეობს, რადგან გარკვეულწილად, გადაწყვეტილება და იმედია ის ევროპული საბჭოს მმართველების მიერ დეკემბერში გამყარდება სწორედ იმის გაცნობიერებაა, რაც არ გაკეთდა ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტზე, რომელმაც არ მიიღო უკრაინა და საქართველო და რუსეთს შესაძლოა, გაუჩინა შეგრძნება, რომ ჰქონდა მწვანე შუქი. ეს მწვანე შუქი არ მიეცა რუსეთს დღეს და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!” – ამბობს პრეზიდენტი.