რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ

Published:

ოკუპირებულ, სოფელ კირბალის მიმდებარედ, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.

ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთ მოთხოვნა აქვს, რომ მოხდეს დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.

„ურთულესი დღეა ჩვენთვის. ვინაიდან ჩემი ძმა ეკლესიის დიდი პატივისმცემელი იყო და იმ შემთხვევის დროს სწორედ ლომისის სალოცავში მიდიოდა სანთლების დასანთებად, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ დაკრძალვამდე მისი გადმოსვენება მომხდარიყო გორის საკათედრო ტაძარში, სადაც წესს აუგებენ და პანაშვიდს გადაუხდიან. ამის შემდეგ გადავასვენებთ სოფელში და დავკრძალავთ. ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, მოხდეს დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img