თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის გაფიცული თანამშრომლები ხვალ, გაფიცვის მე-12 დღეს, ოპერის ეზოში, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან შეკრებას აანონსებენ.
დასაქმებულები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
” თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები, როგორც მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, პროფკავშირის ეგიდით უკვე მე-11 დღეა გაფიცულები არიან.
მიუხედავად გაფიცვისა და შეხვედრის მოთხოვნისა, ოპერის ადმინისტრაცია და კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ მიდიან. ამიტომ გაფიცვა გრძელდება და გაფიცვის მე-12 დღეს, 14 ნოემბერს, ვიკრიბებით ოპერის ეზოში, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან, 17:30 საათზე.
თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. დასაქმებულთა ანაზღაურება დღემდე დაახლოებით, 500 ლარს შეადგენს.
დასაქმებულები მოითხოვენ:
ხელფასის 100 %-ით მატებას;
გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომელის აღდგენას.
აქციის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი”
პროფკავშირების ახალი გაერთიანება
პროფკავშირი „გილდია”
მეტროს პროფკავშირი „ერთობა 2013″
საქართველოს კინემატოგრაფისტთა პროფკავშირი
დროა, ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას ღირსეული შრომითი ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას, ღირსეული შრომისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეთ“, – წერია აქციის ანონსში.