თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისი საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. მომდევნო სხდომა კი დაცვის მხარეს დაეთმობა. საქმეზე ეს დასკვნითი სხდომებია.
“გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით ბრალდების მხარე არ შეგვხმიანებია, არ უთქვამს ვინ მოჰყავს მოწმეები, თუ საერთოდ მოჰყავს. ზოგადად, რა მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებს ბრალდების მხარე, ჩვენთვის არ უცნობებია. არ მაქვს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი, მე მაქვს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი, სამწუხაროდ”, – აცხადებს გორგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე .
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.