CNBC Goldman Sachs-ის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება, რომ გლობალური ეკონომიკა 2024 წელს მოლოდინს გადააჭარბებს, რაც გამოწვეულია შემოსავლის ძლიერი ზრდით. მათი თქმით ყველაზე ცუდი, ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების ზრდა, უკვე წარსულს ჩაბარდა.
საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა მომავალ წელს საშუალოდ 2,6%-ით გაიზრდება, რაც აღემატება Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა პროგნოზს – 2,1%-ს. Goldman-ის პროგნოზით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გაუსწრებს სხვა განვითარებულ ბაზრებს 2.1%-იანი ზრდით.
მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, 2022 წლის მარტში,
განაკვეთების ზრდის აგრესიული კამპანია დაიწყო, როდესაც ინფლაცია 40 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე მივიდა. გასულ ხუთშაბათს, Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ის “არ არის დარწმუნებული”, რომ Fed-მა საკმარისი გააკეთა ინფლაციის დასაძლევად და თქვა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს განაკვეთების გაზრდა.
ბანკმა აღნიშნა, რომ ინფლაცია ასევე მცირდება G10-ის (მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც იკრიბებიან საერთაშორისო ფინანსურ და მონეტარული საკითხებზე კონსულტაციებისთვის) და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
„ჩვენი ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ინფლაციის წლევანდელი კლება 2024 წელსაც გაგრძელდება: თანმიმდევრული ძირითადი ინფლაცია სავარაუდოდ დაეცემა 3%-დან საშუალოდ 2-2.5%-მდე დიაპაზონში G10-ის მასშტაბით (იაპონიის გამოკლებით)“, – ნათქვამია მოხსენებაში.
„როგორც ევროზონაში, ასევე დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელია რეალური შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი დაჩქარება – დაახლოებით 2%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის, რადგან უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმით გამოწვეული ბუნებრივი გაზის შოკი თანდათან ქრება“, – აღნიშნავენ ეკონომისტები.