ხათუნა სამნიძე -„ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას

Published:

„ქართული ოცნება“ პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5%-იანი ბარიერის შეცვლას – გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არჩევნებთან და ბარიერთან დაკავშირებით, შიშს აჩვენებს.

„ქართულმა ოცნებამ” მკაფიოდ გააკეთა დაპირება და გარდა ამისა, ერთი მოსმენით მიღებული გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს. ეს ის საკითხია, რაზეც შეთანხმებული იყო ოპოზიცია და “ქართული ოცნება”, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პირობას არღვევს, როცა აცხადებს, რომ არ აპირებს 5 პროცენტიანი ბარიერის შეცვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადახედოს საკუთარ სტრატეგიას, გაერთიანებების შექმნა იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუ გვინდა ხელისუფლება შეიცვალოს.

კობახიძე საკუთარ შიშებს ასაჯაროებს, მათ ეშინიათ, როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” და ამის გამო, ქვეყანას უქმნიან პრობლემას, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, რადგან მოქალაქეების დაკვეთა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომ ამ ქვეყანაში იყოს ევროპული მმართველობა და ამის წინააღმდეგ მიდიან”, – განაცხადა  ხათუნა სამნიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, თუ სურს ბარიერი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდოს და აღნიშნა, რომ პარტიებმა იქიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელონ, ვის რისი გადალახვის შესაძლებლობა აქვს.

“ამომრჩეველი არის ჭრელი, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრი და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს არც ერთ პარტიას იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, აუცილებელია გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი,”- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, სამნიძის თქმით, ძველი პირადობის მოწმებების დაბრუნება სახიფათო ინიციატივაა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img