ღაზის სექტორში 50 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ გაათავისუფლა ცხრა წლის ირლანდიელი გოგონა, რომელიც თავდაპირველად გარდაცვლილი ეგონათ.
“ემილი ჩვენთან დაბრუნდა!” – წერს მისი ოჯახი მძევლებისა და დაკარგული პირების ფორუმის ცენტრიდან გავრცელებულ შეტყობინებაში. ემილის ირლანდიისა და ისრაელის მოქალაქეობა ჰქონდა.
“სიტყვები არ გვაქვს იმის აღსაწერად, თუ როგორ ვგრძნობთ თავს 50 მძიმე და რთული დღის შემდეგ. მოხარული ვართ, რომ ემილის კვლავ ჩახუტება შეგვიძლია,” , – ნათქვამია ოჯახის შეტყობინებაში. ემილი ჰენდს მძევლად ყოფნის დროს ცხრა წელი შეუსრულდა, რაც კვირანახევრის წინ დუბლინში წვეულებით აღინიშნა.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გოგონა თავდაპირველად გარდაცვლილად იყო მიჩნეული. ემოციურ სატელევიზიო ინტერვიუში მისმა ირლანდიელმა მამამ თომას ჰენდმა თქვა, რომ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გაიგო რომ მისი გოგონა გარდაიცვალა და „ჰამასს“ ხელში არ ჩაუვარდა, რადგან ეს იქნებოდა “სიკვდილზე უარესი”.
მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ გოგონა შესაძლოა მძევლად აიყვანეს ღაზაში. გასულ კვირას თომას ჰენდმა ემოციური მიმართვა გააკეთა, სადაც მისი ქალიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. მან თქვა, რომ ოჯახი კოშმარში ცხოვრობდა.
ემილი „ჰამასმა გვიან ღამით დანარჩენ 12 ისრაელელ და ოთხ ტაილანდელ მძევლთან ერთად 39 პალესტინელის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გოგონა ტყვეობაში სრულიად მარტო, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარეშე იმყოფებოდა.
საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მძევლები ისრაელის საავადმყოებში გადაიყვანეს, ემილი მამას და და-ძმებს ერთ-ერთ საავადმყოფოში შეხვდა.