სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასცა, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებას და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდას ეხება.
“არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.
მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა.
მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.
მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, ,,112’’ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეო ჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.