საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 165 პროფესორ-მასწავლებელი ევროპულ საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
მათ მიმართვაში აღნიშნულია, რომ EU-ში გაწევრიანების გზა გულისხმობს რეფორმების აუცილებლობას, რაც მიზნად ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას ისახავს.
“ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, გვსურს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი, მოქალაქეების უმრავლესობის ურყევი ნება, რაც არაერთგზის გამოვლინდა. როგორც მასწავლებლებს, ჩვენ გვესმის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მნიშვნელობა, როგორც საგანმანათლებლო და ეკონომიკური სფეროს განვითარების, ისე საერთო ღირებულებების ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს აკადემიურ მისიას.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა გულისხმობს რეფორმების აუცილებლობას, რაც მიზნად ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას ისახავს.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირის საერთო პრინციპებისა და ამოცანების განხორციელებაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩვენი სტუდენტების, მოქალაქეებისა და ფართო ევროპული საზოგადოების საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები,” – ნათქვამია ღია მიმართვაში.