ირაკლი კობახიძე – იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის ინტერესი არ გვქონდა

Published:

რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ ამ მიმართულებით პოლიტიკური ინტერესი არ გვქონდა – ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა ხელოვნური პრობლემაა.

„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ ამ მიმართულებით არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში, რეალურად, დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პროცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა, ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას.

ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც, უბრალოდ, ვასრულებთ. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,“ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის, მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც „ქართული ოცნება“ განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

„შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას“, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img