ბაიდენი ამერიკელ სტუდენტებს $5 მლრდ–ის სესხს გაუნულებს

Published:

აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი 80 300 მსესხებელს დამატებით 4,8 მილიარდი აშშ დოლარის სტუდენტურ სესხს გაუნულებს. შეღავათი, აშშ-ის საჯარო სერვისების სესხების პატიების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ნათქვამია CNBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ თავის განცხადებაში ახსენა, რომ ხელისუფლებაში ბაიდენის მოსვლამდე არსებობდა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა უფლებამოსილ პირებს მიეღოთ სტუდენტური ვალის შეღავათი. იგი ხაზს უსვამს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ვალების განულების მოცულობა უპრეცედენტოა.

გარდა ამისა, 34 400 მსესხებელს, რომლებიც საჯარო სამსახურში ათი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, $2,6 მლრდ–ის სესხი გაუუქმდებათ, განაცხადა აშშ-ის განათლების დეპარტამენტში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ დროისთვის, 3,6 მილიონზე მეტ ამერიკელს,  თითქმის 132 მილიარდი დოლარის სტუდენტური დავალიანება გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს იგეგმება.  ,,ეს ქმედებები, სავარაუდოდ,  პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელახალ არჩევაში დაეხმარება“, – ამბობს უმაღლესი განათლების ექსპერტი მარკ კანტროვიცი.

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები სტუდენტური სესხების პატიებას ეწინააღმდეგებიან.

ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ განაცხადა, რომ ბაიდენს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა სტუდენტური დავალიანება კონგრესისგან წინასწარი ნებართვის გარეშე.

შეგახსენებთ რომ ბაიდენმა 2022 წელს სტუდენტური სესხის პატიების გეგმა წარადგინა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ  უარყო. ეს გეგმა დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ღირებულებით, ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი უნდა ყოფილიყო.

ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მხარი დაუჭირა.

„უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არ შეუძლია წაშალოს ასობით მილიარდი, შესაძლოა ტრილიონი დოლარი სტუდენტური სესხის ვალი, რაც ძალიან უსამართლო იქნებოდა მილიონობით ადამიანის მიმართ, რომლებმაც შრომისმოყვარეობითა და მონდომებით გადაიხადეს ვალი“, – თქვა ტრამპმა ივნისში საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე.

ცნობისთვის, მსგავსი პროექტი 15 სექტემბერს საქართველოში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. მისი თქმით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ. ეს განცხადება მან მთავრობის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება”, – აცხადებდა 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img