თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, – ამის შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
ოთარ ზურაბიშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის ტრიბუნის არ დათმობა ევროპული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
„არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის მოწმე ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო ევროპის გზაზე და ვინ ცდილობდა საქართველოს შეჩერებას ამ გზაზე. ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ უცნაური ფოკუსია, არის თავისუფალი დაფა, რომელზეც არაფერი აღარ წერია. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დავწერეთ ამ დაფაზე და დღეს ერთბაშად იშლება. აღარ გვახსოვს არც რუსული კანონი, არც ახალგაზრდების გამოსვლა. თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა. პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. თუ კარგად წავიკითხეთ, რა წერია რეკომენდაციებში, უნდა იყოს გამაგრებული ინსტიტუტი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.