ალექსეი ნავალნიმ ახალი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან წერილი გამოაქვეყნა

Published:

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პირველი წერილი სასჯელაღსრულების მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში მდებარეობს. იგი ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ კარგად არის. ალექსეი ნავალნი წერილში დეტალურად ჰყვება სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მისი გადაყვანის შესახებ, რომელიც 20 დღე გრძელდებოდა და “საკმაოდ მოსაწყენი იყო.”

“მომიყვანეს შაბათს საღამოს (23 დეკემბერი). მოვყავდით სიფრთხილის ისეთი ზომებით და ისეთი უცნაური მარშრუტით (ვლადიმერი-მოსკოვი-ჩელიაბინსკი-ეკატერინბურგი-კიროვი-ვორკუტა-ხარპი), რომ არ ველოდი, რომ ვინმეს აქ იანვრის შუა რიცხვებამდე მიპოვიდა. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როდესაც გუშინ საკნის კარები გაიღო სიტყვებით: “თქვენთან ადვოკატია“!- წერს ნავალნი.

სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილშია. იქ ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.

წერილში ნავალნი ასევე საუბრობს კოლონიაში პატიმრობის პირობებზე. კერძოდ, რომ იგი სასეირნოდ გაჰყავთ გვერდით საკანში, რომლის იატაკზე თოვლი დევს, ხოლო პატიმრის საკნის ფანჯარა ღობეს მჭიდროდ ებჯინება.

კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ “იუკოსის” თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია სახელწოდებით “პოლარული ბუ” – ეს არის კოლონია მსჯავრდადებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img