DRI – “რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია

Published:

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

DRI-ის თქმით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი” ქმედების კრიმინალიზება დაუშვებელია. ორგანიზაციის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა, რომელიც გამორიცხავს მსგავსი ქმედებებისთვის თავისუფლების აღკვეთას, პროგრესულ ევროპულ მიდგომებს შეესაბამება და ცვლილებებს არ საჭიროებს.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობის/ნივთების დაზიანებისთვის საქართველოს კანონმდებლობით აქამდე არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობს შემოთავაზებული იდეა.

მსგავსი ინიციატივა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ახალი არაა. საქართველოს სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრად კრიტიკული შეფასება მოჰყვა 2013 და 2016 წლებში საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონის პროექტებს, რომლებიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებას ისახავდა მიზნად. წარსულში ამ თემასთან დაკავშირებით წამოყენებულ ინიციატივებს, საბედნიეროდ, კანონის სახე არ მიუღია. თუმცა, წარსული ინიციატივებისგან განსხვავებით, ამჟამად საკანონმდებლო ინიციატივის იდეა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.  

მსგავსი ინიციატივების ავტორები, როგორც წარსულში, ამჟამადაც მიუთითებენ, რომ ევროპის არა ერთ ქვეყანაში მოქმედებს ნორმები, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადეკვატურად შეფასდეს ის კონტექსტი და დინამიკა, თუ როგორ ხდება ამ ნორმების პრაქტიკაში გამოყენება. ევროპის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობაში მართლაც არსებობს ნორმები, რომლებიც მკრეხელობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ნორმები თითქმის არ მოქმედებს და სულ უფრო მცირდება შემთხვევები, როდესაც სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებას მსგავსი ქმედების ჩამდენი პირები დამნაშავედ ცნონ.

ევროპულ ქვეყნებში ბოლო წლებში მოქმედი სასამართლო პრაქტიკა გადახრილია გამოხატვის თავისუფლების განუხრელად დაცვისკენ. მათ შორის რელიგიასთან დაკავშირებული, ზოგჯერ შოკისმომგვრელი ქმედებაც უმეტესად მიჩნეულია საჯარო, საზოგადოებრივი განხილვების აუცილებელ ნაწილად და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.

ამ მხრივ საინტერესოა 2009 წელს ნიდერლანდების უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის გერტ ვილდერსის საქმე. ვილდერსის საჯარო გამოსვლები, სტატიები და მის მიერ გადაღებული  ფილმი Fitna  შეიცავდა უხეშ და დამამცირებელ გამონათქვამებს მუსლიმების მიმართ, რის გამოც მოსარჩელე მხარე სიმბოლურად 1 ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ხშირად გამოირჩევა ანტიმიგრანტული, ანტიისლამური განცხადებებით, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის სრულიად მიუღებელია, ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი შემთხვევებიც კი ლეგიტიმური საჯარო დებატების ნაწილი უნდა იყოს და  არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი.

ბოლო წლების ევროპული ტენდენციაც ძირითადად ასეთი “ღვთის გმობის” საწინააღმდეგო ნორმების კანონმდებლობიდან ამოღების მიმართულებით ვითარდება. სწორედ ასე მოიქცნენ ირლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები და შვედეთი. აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა შესაბამისი ნორმის გაუქმების შესახებ გერმანიაშიც.

ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, საინტერესოა, როგორია ევროპული პოლიტიკური სტრუქტურების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის პოზიციით, “მკრეხელობასთან” დაკავშირებული კანონები წარსულში გამოიყენებოდა დევნის მიზნით და უარყოფით გავლენას ახდენდა გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებაზე; ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციაა, მოხდეს “მკრეხელობის” დეკრიმინალიზაცია და გაუქმდეს სასჯელები იმ ქვეყნებში, სადაც პასუხისმგებლობის მსგავსი ზომა ჯერ კიდევ არსებობს. ამ პოზიციას იზიარებს ვენეციის კომისიაც, რომლის მოსაზრებითაც, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს (როგორც ეს უკვე მოხდა ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში), ხოლო სადაც უკვე გაუქმებულია, მსგავსი ნორმები ხელახლა არ უნდა იქნას შემოღებული.

თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში შემორჩენილ “მკვდა” ნორმაზე აპელირებით, შეუძლებელია რელიგიასთან დაკავშირებული, თუნდაც შეურაცხმყოფელი ქმედებების კრიმინალიზების იდეას გამართლება მოეძებნოს. საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც გამორიცხავს მსგავსი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის ზომად თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება პროგრესულ ევროპულ მიდგომებს და ცვლილებებს არ საჭიროებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img