თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა.
მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა, რადგან სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა სახლიდან ხმაური გამოდიოდა და მეზობლებს იქიდან ბავშვის ტირილის ხმა სხვა დროსაც გაუგიათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებით.
ბრალდებულ ქალს გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მოძალადე მამინაცვალს, მას 19 წლიანი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს, თუმცა, პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით.
ასევე ცნობილი ხდება, რომ რომ კაცი საკუთარ გერს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისის ქუჩებში მათხოვრობასაც აიძულებდა. 11 წლის ბავშვის მიერ მოწყალებით გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად მამინაცვალი განკარგავდა. არასრულწლოვანი სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
ბრალდებული ქალის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უმძიმეს დანაშაულში მხილებული დედა დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებული ქალის საქმის არსებით განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყებს.