იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართავს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციასა და საგამოძიებო უწყებებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.
გაერთიანება მზად არის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლოს და საქმისთვის მნიშვნელოვანი, დამატებითი მტკიცებულებები გადასცეს.
ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ გამოსახლებების სერია უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ შესაძლო თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები არ დასრულდება.
„მოგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ,,იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაერთი წელია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მევახშეების მხრიდან დაზარალაბულ მოქალაქეებს. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ერთადერთი არასამთავრობოა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით, ექსკლუზიურად, დაზარალებულ მოქალაქეებს სასამართლოს ყველა ინსტანციასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან საქმის წარმოებაში, სრულიად უსასყიდლო სამართლებრივ მომსახურებას უწევს.
გაერთიანება ინოვაციურ სამართლებრივ მომსახურებას ქმნის, რაც გამოიხატება მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების ადვოკატის მომსახურებაში, დოკუმენტაციის სრულყოფილ ანალიზსა და ასევე, სასამართლო პროცესებში კვალიფიციურ იურისტთა გუნდის სრულ ჩართულობაში.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახმაურებული გამოსახლებების ფონზე, სადაც დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს იცავდა ჩვენი გაერთიანება, მიგვაჩნია რომ დროულია აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სრულიად არაპოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენი წესდებით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მივმართეთ.
მიგვაჩნია, რომ თქვენი ჩართულობა აღნიშნულ საკითხში და რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია შეასრულოს მედიატორის როლი ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციასა და საგამოძიებო უწყებებს შორის.
გამოსახლებების პროცესი უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ შესაძლო თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები არ დასრულდება. მევახშეების თაღლითური სქემების შესახებ ხელახალი გამოძიებების დაწყება აუცილებელია.
თუ საპატრიარქო მედიატორის როლს შეასრულებს, იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება საგამოძიებო უწყებებთან აქტიურად დაიწყებს თანამშრომლობას და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია, მათ საქმისათვის მნიშნელოვან დამატებით მტკიცებულებებს გადავცემთ.
იმედი გვაქვს, რომ დაუყოვნებლივ გადადგამთ ქმედით ნაბიჯებს და უკანონო გამოსახლებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას შევცვლით“ – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზაარალებულთა გაერთიანება ბოლო დროის გახმაურებული გამოსახლებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და დაზარალებულების უფლებებს იცავდა.
გაერთიანება ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ, სამართლებრივ დახმარებას უწევს .
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამოსახლებებთან დაჯვშირებით იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებამ მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა და პეტიციაც შექმნა.