შალვა პაპუაშვილი – ის, რომ არასამთავრობოები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი

Published:

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებზე მდიდარია, სხვა მხრივაც პრობლემურიa. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პატარა პარტიებთან მუშაობენ და მათ განვითარებაშიც ეხმარებიან. პატარა პარტიების მიერ ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი კი მათ პარტიებზე არასათანადო გავლენის ბერკეტს აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოქმედების კვალი პატარა პარტიებზე კარგად გამოჩნდა, როდესაც სახალხო დამცველი უნდა ერჩიეთ.

“ეს კარგად გამოჩნდა სახალხო დამცველის არჩევისას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. როდესაც არასამთავრობოებმა იგრძნეს, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსენსუსი იკვეთებოდა, დახურულ კარს მიღმა დაიწყეს პატარა პარტიებზე წნეხის მიტანა, რომ ამ უკანასკნელებს თავი შეეკავებინათ სახალხო დამცველისთვის ხმის მიცემისაგან. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ არასამთავრობოებს სახალხო დამცველის კანდიდატი თვალში არ მოუვიდათ,” – ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი პრობლემა ფინანსების გაუმჭვირვალობაა.

“უცხოური დაფინანსების მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა. არ არსებობს დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ფინანსები გაუმჭვირვალე. ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს განუცდიათ დევნა მათი საქმიანობის გამო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ანგარიშვალდებულად არც ფართო სამოქალაქო საზოგადოების და არც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე. ის რომ ზოგიერთმა მათგანმა “ეროვნული პლატფორმა” დატოვა, ამგვარი უპასუხისმგებლობის კარგი მაგალითია, ვინაიდან პარლამენტმაც და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც მათი გადაწყვეტილების შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს, მაშინ, როცა დონორებმა ეს გადაწყვეტილება წინასწარ იცოდნენ. ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას უბრალო დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img