თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილს – თქვენ ქვეყნის ინტერესებს ახალი ველოსიპედის გამოგონებით ვერ დაიცავთ

Published:

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ საკუთარ შეფასებას, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობის მიღებას კვლავ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აპირებს, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი მთავრობასთან და სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობაში ყველა სამართლებრივ თუ ეთიკურ ზღვარს არღვევს.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას კვლავ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აპირებს.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან და სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობაში არღვევს ყველა სამართლებრივ თუ ეთიკურ ზღვარს. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობანას თამაში ჩვევად ექცა, თუმცა ყოველ ჯერზე ურჩი ბავშვივით იქცევა და საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მართალია საკუთარ ქმედებებში. ის არაფრად აგდებს ქვეყნის უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის დანაწესს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

ქართული სახელმწიფოსთვის ის აგრძელებს ძირგამომთხრელ პოლიტიკას. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე თუ ის თამამად აცხადებდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა ამ ევროპულ პროგრესს, დღეს ქვეყნის კონსტიტუციისა და ყველა პოლიტიკურ-ეთიკური დანაწესის დამრღვევია. ის ღია კონფრონტაციაშია „ქართულ ოცნებასთან“ და ქვეყნის ინტერესებს მის მიერვე გამოგონილი პოლიტიკით „იცავს“. ქალბატონო სალომე, თქვენ ქვეყნის ინტერესებს ახალი ველოსიპედის გამოგონებით ვერ დაიცავთ, ვერც საქვეყნო საქმეებით დაიკვეხნით და იქნებ აქამდე ნაცად და აპრობირებულ მეთოდს მიჰყვეთ, რასაც უზენაესი კანონის დაცვა ჰქვია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img