შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და ამბობს, რომ გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.
“როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, სოფო გორგოძემ, თანამდებობა დატოვა. გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.