რუსეთში გაყიდვიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა

Published:

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, რომ რუსეთში “პრაქტიკულად ყველგან” გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზეც ალექსეი ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ახალი ნომერი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა გამოსახული, ამოღებულია სადისტრიბუციო პუნქტებიდან – ძირითადად პრესისა და ბეჭდვის ჯიხურებიდან.

“ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული და ცოტა არ იყოს, საშიშია ჩვენთვის. რატომ ამოიღეს ნომერი, ჩვენ არ ვიცით: არანაირი კანონი არ დაგვირღვევია”, – აცხადებს ელენა მილჩანოვსკა.

გამოცემა Meduza-ს ერთ-ერთმა მკითხველმა შეატყობინა, რომ მან ვერ მოახერხა Sobesednik-ის გაზეთის ყიდვა ერთ-ერთ ჯიხურში. გამყიდველმა მას უთხრა, რომ “მიიღეს ბრძანება, აღარ გაყიდონ ეს ნომერი”. მკითხველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში მოხდა ეს.

გაზეთი Sobesednik 1984 წლიდან გამოდის. მასში რეგულარულად იწერება მასალები რუსეთის ოპოზიციაზე. 2022 წლის მარტიდან რუსეთი გამოცემის ვებ-გვერდებს ბლოკავს. ჟურნალისტის თქმით, 2024 წლის 21 თებერვალს მათი ვებ-გვერდი, სადაც ალექსეი ნავალნის შესახებ მასალები იყო გამოქვეყნებული, მეხუთედ დაიბლოკა. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან – “სევდის კედელთან” და “სოლოვეცკის ქვასთან” ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის გამო პოლიციელებისთვის სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს – უნდა აღირიცხონ ის ადამიანები, რომლებიც მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ. ბრძანებაში ამის მიზეზად “შესაძლო სამართალდარღვევის აცილება და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის იდენტიცირებაა” მოყვანილი.

3 დღის მანძილზე – 16-დან 18 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მასშტაბით გამართულ აქციებზე, რომლებზეც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, 39 ქალაქში 397 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვსა და პეტერბურგში დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img