პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნებში ჩარევის ერთადერთი წყარო არ არის მხოლოდ რუსეთი.
სალომე ზურაბიშვილმა Sky news-თან ინტერვიუში თქვა, რომ ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია და “ვიცით, საქართველოზე ბევრად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება”.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი განცხადებებით “ადუნებენ ყურადღებას სხვა მიმართულებით” და ცდილობენ წარმოჩენას, “თითქოს ჩარევის ერთადერთი წყარო რუსეთია”.
“რაც შეეხება ზოგადად საკითხს არჩევნებში ჩარევისა, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში, რთულ დროს და ინტერესები საქართველოს მიმართ არის სხვადასხვა მხრიდან. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში დახურულ ფორმატში ისაუბრა, ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო წარმოდგენილი მოისმინეს, თუ რა საფრთხეებია ამ მხრივ და რა მცდელობები, მათ შორის ფაქტები აღიკვეთა ამ მხრივ.
ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც ასეთი განცხადებებით ცდილობენ იმის წარმოჩენას, თითქოს ერთადერთი წყარო ჩარევისა არის რუსეთი და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებით. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს დიდ ინტერესს, მაგრამ ვატყობთ, რომ ხაზგასმაა რუსეთის ჩარევის პრობლემაზე, რაც, არ ვიცი… ამას ვის ეუბნებიან, ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ? მე მგონი, არ არის აღმოჩენა რაიმე ახლის ამ მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.