რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსთან გამომშვიდობება და დაკრძალვა 29 თებერვალს იგეგმებოდა, მაგრამ “სწრაფად გაირკვა”, რომ ამ თარიღისთვის “არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც საფლავს ამოთხრიდა”. გარდა ამისა, მათ გამომშვიდობებისთვის დიდი ზომის დარბაზის დაქირავება ვერ შეძლეს.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
ოპოზიციონერის ცხედარი ოჯახს 9 დღის განმავლობაში არ გადასცეს. როგორც ნავალნის დედა ყვებოდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებდნენ, შვილის საიდუმლო დაკრძალვას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ციხის ტერიტორიაზე დაკრძალვით იმუქრებოდნენ. 24 თებერვალს საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.