უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულების 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა შექმნან. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება, 3-წლიან საბაკალავრო პროგრამას დანერგავს თუ 4-წლიანს.
“შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის პროგრამებისთვის იყოს. აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება”, – თქვა მინისტრმა.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, რომ იგეგმება 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით:
“ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. აქვე ვიტყვი, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე – შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუმცა თუკი აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა.
რეალურად ეს არის ძალიან მოქნილი როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე”.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი – იყო რეგისტრირებული.
წყარო – რადიო თავისუფლება