ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება ავიკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა ფრენების სიხშირე გაზარდონ და მეორეს მხრივ, მოხდეს მეტი ჩინური ავიკომპანიის მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყო მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტთან.
აღნიშნულ თემაზე ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინეთი გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში მოწინავე ქვეყანაა და ყველაფერი გაკეთდება შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისათვის.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ფრენების გაზრდილი სიხშირე ჩინეთიდან საქართველოში მეტ ტურისტს შემოიყვანს და ჩინეთის მხარეც საქართველოს მიმართ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
“აქტიური მუშაობა მიმართულია ჩინეთის ბაზარზე. რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რასაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უძღვოდა წინ, როცა ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გავაუქმეთ.
ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილება არის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხაზგასმა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, რაც დადებითად აისახება სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, რაც ქართველ მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას განსაკუთრებით ეხმარება. ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს უწყობს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადი – მათ შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს, რაც ავიკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა ერთის მხრივ გაზარდონ სიხშირეები და მეორეს მხრივ, მეტი ჩინური ავიკომპანია მოვიზიდოთ იმისთვის, რომ საქართველოს სამივე საეთაშორისო აეროპორტში იყო მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და სხვადასხვა ცენტარლურ აეროპორტთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.