პარლამენტში შეტანილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თამბაქოს ნედლეულზე, საჩილიმე თამბაქოზე, საღეჭ და სასუნთქ თამბაქოზე გადასახადები ორჯერ უნდა შემცირდეს – ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს და ინიციატივით გათვალისწინებულ ცვლილებებს “ლეგალური ნარკოტიკის გაიაფების მცდელობად” აფასებს.
“წინასაარჩევნოდ, თამბაქოს მომხმარებელთა გულის მოგების მიზნით გამიზნული ცვლილების პროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ბეჟან წაქაძესთან, გოჩა ენუქიძესა და ელგუჯა გოცირიძესთან ერთად წარმოადგინა.
მედიასთან წაქაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ვერაფერს უწოდებ სხვას, თუ არა ლეგალური ნარკოტიკის გაიაფების მცდელობას, ფინანსთა სამინისტროს ნაკარნახევია. რა გამოდის, რომ ამ პროცესით ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობაა დაინტერესებული?! სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან ფინანსთა სამინისტროს, როგორც ინსტიტუციის როლი და მისია გადასახადების შემცირება კი არა, გადასახადების მატება და საბიუჯეტო შემოსავლების უზრუნველყოფაა. თუ კონტრაბანდა არსებობს ქვეყანაში, ესეც ფინანსთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა. სამინისტრო აღიარებს ადმინისტრირების სისუსტეებს და ვითომდა გამოსავლად გადასახადების კლებას აანონსებს? ეს საგანგაშო სიგნალი და პარადოქსული სიტუაციაა, მით უფრო, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ სამინისტროსგან არ გვახსენდება გადასახადის კლების არანაირი წინადადება. ბოლოს, 2005 წელს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაშინ სხვა სამინისტრო და კონკრეტული პირი იყო თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტი. მის პირად შემოსავლებს დაეტყო ზრდა, ბიუჯეტმა კი ათეულობით მილიონი ლარი დაკარგა…
სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში უამრავი სიცრუე და აბსურდი ფიქსირდება, როგორც სადა შეფუთვის გადავადების კანონპროექტების შემთხვევაში. კერძოდ, გაცხადებულია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და ევროასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება 2011/64EU და 2014/40EU ევროდირექტივებს, ევროასოცირების შეთანხმების 283-ე, 356-ე, მუხლებსა და შესაბამისი დანართების მოთხოვნებს.
ასევე, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის” მე-6 მუხლის მოთხოვნებთან და მისი აღსრულების გაიდლაინთან.
კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან გადასახადების შემცირება, ხელმისაწვდომს გახდის ამ ლეტალურ პროდუქტს ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის როგორიცაა ბავშვები და მოზარდები.
კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „თამბაქოს კონტროლის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან“.
რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაკარგავს 24 965 047.2 ლარს. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე“. სულ ცოტა, უპასუხისმგებლობაა ზერელედ და არარეალურადაა დათვლილი საბიუჯეტო დანაკარგი. ამასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი ფინანსური გათვლა, როგორ მოხდება ამ დანაკარგის რეალურად კომპენსირება.
ინიცირებული ცვლილების რეალურად განხორციელება ქვეყანას დააბრუნებს იმ სიტუაციაში, რაც გვქონდა 2019 წელს, როცა თუთუნზე დაბალი გადასახადის გამო, მისი მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა. დღევანდელი დაბეგვრის რეჟიმითაც კი, თუთუნზე გადასახადი სამჯერ ნაკლებია ვიდრე სიგარეტზე. თამბაქოს ნედლეულის გაიაფება ორიენტირებულია მთავარი ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტის “თბილისის თამბაქოს” მოგების გაზრდაზე, რომელიც მხოლოდ იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობს. ამასთან, არამხოლოდ თუთუნზე, არამედ საჩილიმე თუთუნზეც ხდება გადასახადის კლების ინიცირება, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ლიბანური ინვესტიციით დაფუძნებულ კომპანიაზე შპს „ეიჩ ჰუკაზე“, რომელმაც სულ რამოდენიმე თვის წინ დაიწყო ჩილიმის არომატების დამზადება ქობულეთში და რომელსაც ინტენსიურად აფინანსებს “აწარმოე საქართველოში” სააგენტო და რაც ასევე ეწინააღმდეგება “ჩარჩო კონვენციით” ნაკისრ ვალდებულებებს. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ „ფილიპ მორისის“ მიერ შეძენილი შვედური სნუსის მწარმოებელი კომპანიის ნაწარმი ინტენსიურად შემოდის რეგიონში და ჩვენთან და მასზე, როგორც საღეჭ თამბაქოზე გადასახადის დაკლება მნიშვნელოვნად გაზრდის მის პოპულარობასა და მოხმარებას ბავშვებსა და ახალგაზრდებში, როგორც ეს იმ ქვეყნებში მოხდა, სადაც უკვე ფართოდაა გავრცელებული. აღნიშნული ინიციატივა აშკარად შეიცავს კონკრეტულ კომპანიებთან კორუფციული გარიგების ნიშნებს და მათთან კონკრეტული პოლიტიკოსების ფინანსურ დაინტერესებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლობად მიგვაჩნია:
1. პრემიერ-მინისტრმა მოიწვიოს “საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით სამთავრობო კომისიის” სხდომა;
2. პარლამენტმა შეწყვიტოს კორუფციული გარიგების ნიშნების შემცველი საკანონმდებლო წინადადების განხილვა;
3. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოიწვიოს “ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს” სხდომა;
4. მივმართავთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო უწყებებს დაიწყონ მოკვლევა ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით;
5. ფინანსთა სამინისტრომ განმარტოს მისი ჩართულობისა და ინტერესის შესახებ ზემოაღნიშნულ პროცესში”, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.