რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 მარტს, 19:00 საათიდან საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორების მიერ ორგანიზებული იქნება სხვადასხვა აქტივობები და საკვები სივრცეები. პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.
პარალელურად, Geo team-ის, BXNNY-სა და ქართული სპორტის ქომაგების ერთიანი ძალებით, ისტორიული მატჩების წინ ქართველი გულშემატკივრები ყველაზე მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადებიან.
„21 მარტს საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს, ქართული სპორტის ქომაგები კი მატჩამდე მსვლელობას აპირებენ, რომელიც ძალიან დიდი და გამორჩეული უნდა იყოს, ეს მომენტები კი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. 21 მარტს, 18:00 საათიდან ვიკრიბებით აღმაშენებლის 127 ნომერთან, საიდანაც დავიძრებით „დინამო არენასკენ“ ყველა ერთად. ერთადერთი (მო)თხოვნაა – აუცილებლად ყველას უნდა გვეცვას თეთრი, ან წითელი მაისურები. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ვიყოთ გამაოგნებლად ბევრი და შევქმნათ ყველამ ერთად გასაოცარი წუთები“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.