პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მატიას მარტინენს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა აღინიშნა.
მათივე ინფორმაციით, ასევე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ნაყოფიერ ურთიერთობებზე.
„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ამასთან, სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა აღინიშნა.
ფინურმა მხარემ, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრაზე საქართველოში ფინეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას გაესვა ხაზი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდა ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.